დღეს დიდი მაესტროს ანზორ ერქომაიშვილი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა... დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Europetime გთავაზობთ სვიმონ ჯანგულაშვილის გამოსამშვიდობებელ სიტყვას, მთაწმინდაზე, დიდ ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვაზე წარმოთქმულს:
,,ჩვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის, განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს ადგილი აირჩია ეროვნულ პანთეონად და აქ დიმიტრი ყიფიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი დაკრძალა. და აი, აქ, ამ ადგილზე, სადაც განისვენებენ დიდი ილია, ვაჟა, გალაკტიონი, აკაკი, სხვა დიდი მამულიშვილნი, ჩვენ დღეს ამოვიყვანეთ ადამიანი, რომელსაც დღეს ყველანი ვუწოდებთ და ათწლეულების წინ საქართველოს ტანჯულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უწოდა ქართული მუსიკის ექვთიმე თაყაიშვილი... და დღეს ექვთიმე თაყაიშვილთან და ამ დიდ მამულიშვილებთან ჩვენ ამოვიყვანეთ ბატონი ანზორი.
ეს საღვთო განგებულებაა და ეს ქართველი ერის ნებაა! მთელი საქართველო ერთსულოვანია ამ გადაწყვეტილებაში! და თავისი სიკვიდილითაც მან, ჩვენმა დიდმა მასწავლებელმა, გენიალურმა მუსიკოსმა, ეპოქალურმა მოღვაწემ, თავისი სიკვიდილითაც მან მარადისობის თანაზიარნი გაგვხადა, რადგანაც, დიახაც, ეს წამები, ეს წუთები, არის მარადისობასთან შეხვედრა - ქართველ მოღვაწეთა, მსოფლიო მნიშვნელობის მოღვაწეთა დიდ თანავარსკვლავედს უერთდება დიდი მუსიკოსი, მუშაკი, არაერთი თაობის აღმზრდელი და მის, საქართველოსთვის დაღლილ და მაინც დაუღლელ სხეულს ჩვენ ვაბარებთ ამ წმინდა მიწას. მის ღვაწლზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და არც არის ეხლა საჭირო დაწვრილებით მოყოლა და თქმა, თუ ვინ იყო იგი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ, ქართველებს დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა - ქართველთა სიმრავლეს მთელ ერს! ის, რასაც ჩვენ განვიცდით ამ ღვთიური ჰანგების სმენისას, ის რასაც ჩვენ ვგრძნობთ, თუნდაც უბრალოდ სიტყვების - "ჩაკრულო", "ხასანბეგურა", "შენ ხარ ვენახი" ან "წინწყარო" გახსენებისას, აი ეს გრძნობა სწორედ ანზორ ერქომაიშვილის დამსახურებაა. მან, როგორც იაკობ გოგებაშვილის იმ საოცარ თხზულებაშია, მან თითქოს გაგვახსენა ჩვენი იავნანა, მან დაგვაბრუნა ზეციურ მშობელთან, მან დაგვაბრუნა ღვთაებრივთან, მან დაგვაბრუნა მარადიულ მუსიკასთან! და ამ მარადიული ჰარმონიით, ამ მარადიული მშვენიერებით, აბსოლუტური მშვენიერებით, რასაც ქრისტიანულად, რელიგიურად ღმერთს ვუწოდებთ, იყო ანთებული და გაჟღენთილი მისი ყველა სიტყვა, მისი ყველა საქმე, მისი პიროვნება, მისი სახე, მისი ღიმილი... საოცარი სითბოთი და სიკეთით აღსავსე მისი ღიმილი... და ჩვენ გვაქვს დიდი ტკივილი, იმიტომ, რომ ამ ღიმილს ვეღარასდროს ვეღარ ვნახავთ.
ჩვენ გვაქვს დიდი გლოვა, იმიტომ, რომ ვგრძნობთ, რომ მას კიდევ შეეძლო, რომ არა ეს ვერაგი სენი, კიდევ ბევრი დიდი საქმე ეკეთებინა. მაგრამ საღვთო განგებულება იყო ასეთი, ღმერთმა ასე ინება, რომ დღეს ჩვენგან წაეყვანა ეს დიდი ადამიანი. ჩვენ ტკივილით აღსავე გული გგაქვს, მაგრამ ეს ტკივილი ჩვენთან დარჩება და ჩვენთან ერთად წავა მარადისობაში ასევე. ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი. ის არაფერს არ აკეთებდა მხოლოდ იმ წუთისთვის ან მხოლოდ რაღაცა ვიწრო მიზნებისთვის.
მისი ყველა საქმე დაუსრულებლობაზე, მარადიულობაზე იყო გათვლილი, - იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის; იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი "რუსთავი", რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა, სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომლზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული! და ჩვენ ამას ყველანი ვგრძნობდით. - ის ყველას გვაჩვენებდა სიყვარულს, ვინც ვიცნობდით და ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა, და მთელი საქართველო, მთელი დედამიწა მას იცნობდა თავისი მუსიკალური შემოქმედებით.
ჩვენ ყველანი ვგრძნობდით, რომ მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, რასაც მისგან ვიღებდით და ადამიანობისა, ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ის, დროთა მიღმიდან მოსული ქართულ ჰარმონიასავით, ქართულ მუსიკასავით, დროთა სიღრმიდან, დროთა მიღმა რეალობიდან ჩვენთან მოსული ღმერთის შვილი იყო, რომელიც ღმერთმა თავისთან წაიყვანა და მისი საქმეები და მისი მარადისობა დაგვიტოვა.
და დღეს, აი ამ მარადიული წამის წინაშე მდგარნი, ამ ისტორიული წამის წინაშე მდგარნი, როდესაც ილიასთან, ექვთიმესთან და სხვებთან დარჩება მისი ნეშტი, ამ სევდით აღვსილებს და ამ დარდით აღვსილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მომავლის ქართველები, როდესაც აქ ამოვლენ, ისინი დაინახავენ რომ ქართველებმა ანზორ ერქომაიშვილთან ერთად აქ აღვამაღლეთ ჩვენი მუსიკა, აქ აღვამაღლეთ ჩვენი გალობა, ჩვენი სიმღერა, აქ აღვამაღლეთ პატივისცემა უფროსი თაობების და მასწავლებლების მიმართ.. და ამიტომ ამ მწუხარების ჟამს, მე, უბრალოდ, ერთი მინდა ვთქვა: გიხაროდეს საქართველო, რადგანაც შენ გყავს ანზორ ერქომაიშვილი! შენ არ დაგიკარგავს ანზორ ერქომაიშვილი! შენ გყავს ეს დიდი მოღვაწე და მისი ლოცვა, მისი საქმეები და მისი შემოქმედება მარად იქნება", - წარმოთქვა ჯანგულაშვილმა.